FAQ

- რა იყო თავისუფალი სკოლის გახსნის მიზანი?
- სკოლის დამფუძნებლების მისიაა - ახალგაზრდებს მისცეს კარგი განათლების შესაძლებლობა. ამასთან, ერთ-ერთი მიზანი იყო თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტებისთვის სტუდენტების კარგი შევსების მიღება. ეს სასწავლებლები წარმოადგენენ ყველაზე რეიტინგულ უნივერსიტეტებს საქართველოში - აქ მოდიან ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე ნაჩვენები საშუალო ქულის მიხედვით. საქართველოში კარგი სკოლა ცოტაა, რაც ვერ უზრუნველყოფს ბევრი კარგი აბიტურიენტის გამოშვებას. ჩვენ გვინდა, თავისუფალმა სკოლამ ნაწილობრივ მაინც შეავსოს ეს სივრცე.

- რომელ კლასებში იქნება წელს მიღება?
- წელს მივიღებთ მოსწავლეებს I – VI კლასებში, ასევე სკოლამდელ მოსამზადებელ ჯგუფში (Preschool). გაისად დაემატება VII – IX კლასები. რამდენიმე წელში სკოლას ყველა კლასი ეყოლება.

- რამდენია სწავლის საფასური?
- სწავლის საფასურია 7950 ლარი წელიწადში ყველა კლასში. ამ ფასში შედის ყველა დაგეგმილი აქტივობა 9:00-დან 17:00 საათამდე და ორჯერადი კვება I – IV კლასებში. ფასში ასევე შედის სკოლის სახელმძღვანელოები, სკოლის ფორმა (იმ სახით, როგორსაც სკოლა შეარჩევს) და ექსკურსიები/საველე გასვლები.

- უზრუნველყოფს თუ არა სკოლა ბავშვების ტრანსპორტირებას?
- დიახ, სკოლა უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას. ტრანსპორტირების ფასი მერყეობს დაახლოებით 600-800 ლარის ფარგლებში წელიწადში. ეს ფასი არ შედის ძირითად გადასახადში, რადგანაც იგი განსხვავებულია ბავშვების საცხოვრებელი რაიონების მიხედვით (ზოგი მშობელი თავად ატარებს თავის ბავშვს და არ სჭირდება ტრანსპორტირება).

- არის თუ არა შეღავათი ორ ან მეტ ბავშვზე?
- დიახ, ორი ან მეტი ბავშვის შემთხვევაში, მშობელი იხდის 10 პროცენტით ნაკლებს თითოეულ ბავშვზე.

- როგორია სწავლის საფასურის გადახდის სქემა?
- გადახდა შესაძლებელია როგორც წელიწადში ორჯერადი, ასევე ყოველთვიური გადახდის სქემით.

- რა ისწავლება სკოლამდელ მოსამზადებელ ჯგუფში (Preschool)?
- სკოლამდელ მოსამზადებელ ჯგუფში სხვა აქტივობებთან ერთად ბავშვებს განვუვითარებთ იმ საგნებისთვის საჭირო უნარებს, რასაც შემდეგ სკოლაში შეისწავლიან: მათემატიკა, პროგრამირება, ქართული ენა და ინგლისური ენა.

- რომელი საგნები იქნება სკოლისთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტული?
- ჩვენს სკოლაში გაძლიერებულად შეისწავლება მათემატიკა, პროგრამირება, ქართული და ინგლისური ენები. ჩვენ გვსურს ბავშვი განვითარდეს ჰარმონიულად და ღრმად შეისწავლოს როგორც ტექნიკური, ასევე ჰუმანიტარული საგნები

- დაგვისახელეთ რამდენიმე მიზეზი, რატომ უნდა მოვიყვანოთ ბავშვი თქვენს სკოლაში.

• სკოლა შექმნილია საუკეთესო სასწავლებლების შექმნის გამოცდილების მქონე გუნდის მიერ
• სკოლა მოსწავლეებს მისცემს კარგ, მრავალმხრივ და გამოყენებად განათლებას, აზროვნების კარგად განვითარების და სწავლის უნარს
• სკოლის მიზანია მოსწავლეებს არ დასჭირდეთ რეპეტიტორებთან დამატებითი მომზადება ეროვნული გამოცდების წარმატებით დასაძლევად
• ბავშვის ჰარმონიული განვითარების მიზნებიდან გამომდინარე გაძლიერებული სწავლება როგორც ტექნიკურ, ასევე ჰუმანიტარულ საგნებში: მათემატიკა, პროგრამირება, ქართული ენა და ინგლისური ენა.
• ინტეგრირება თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების საუკეთესო ინფრასტრუქტურაში
• ამ უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობა სწავლის პროცესში
• მაღალკვალიფიციური პედაგოგები, სათანადო მოტივაციით და პირობებით
• მცირე რაოდენობის მოსწავლეებიანი კლასები (12 მოსწავლე მათემატიკის, პროგრამირების, ქართულისა და ინგლისურის გაკვეთილებზე, დანარჩენ გაკვეთილებზე მაქსიმუმ 18 მოსწავლე).
• პროგრამირების სწავლება პირველივე კლასიდან (პრესქულიდანაც). 
• სკოლის მაღალკვალიფიციური ადმინისტრაცია დაკომპლექტებული დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებში გამოცდილების მქონე კადრებით.
• სკოლა განთავსებულია კარგად გამართულ ინფასტრუქტურაში, მწვანე, მშვიდ და უსაფრთხი გარემოში

- ვინ იქნება სკოლის დირექტორი?
- სკოლას უხელმძღვანელებს პროფესორი ამირან ამბროლაძე, თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების (MACS) სკოლის დეკანი. ეს სკოლა ყველაზე მაღალრეიტინგული ფაკულტეტია საქართველოში დღიდან მისი გახსნისა. თავისუფალ უნივერსიტეტამდე ამირან ამბროლაძე მრავალი წელი მუშაობდა შვედეთისა და ინგლისის საუკეთესო უნივერსიტეტებში, სადაც მრავალჯერ იყო აღიარებული წლის საუკეთესო ლექტორად.

- როგორია სასწავლო დღის განრიგი?
- სწავლა დაიწყება 9:00 საათზე, დილით მოსწავლეებს ექნებათ საუზმე. სწავლის დამთავრების შემდეგ ისადილებენ, დაისვენებენ, შეასრულებენ საშინაო დავალებებს და ჩაერთვებიან საკლუბო მუშაობაში. მშობელთა სურვილის შემთხვევაში, სკოლას შეუძლია მოსწავლეები დაიტოვოს 19:00 საათამდე (დამატებითი ანაზღაურების სანაცვლოდ).

- ექნებათ თუ არა მოსწავლეებს საშინაო დავალება?
- მოსწავლეები საშინაო დავალებას შეასრულებენ ძირითადად სკოლაში. პარასკევობით მათ მიეცემათ საშინაო დავალება სახლში შესასრულებლადაც.

- როგორ არის კვება ორგანიზებული?
- სკოლის კაფეტერია, სამზარეულო და ტექნიკა-დანადგარები დაპროექტებულია აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიის მიერ, რომელიც საუკეთესოა ამ მიმართულებით საქართველოში. ასევე, მენიუს შეადგენენ და ხარისხის კონტროლსაც განახორციელებენ ამ აკადემიის წარმომადგენლები.

- რამდენად დაცულნი იქნებიან მოსწავლეები თავისუფალ სკოლაში?
- ბულინგის პრევენციაზე აქტიურად იმუშავებს სკოლის ადმინისტრაცია და სკოლის ფსიქოლოგები. სკოლის ტერიტორიაზე სრულად იქნება ვიდეოკოტროლი. სკოლაში ჩატარდება ანტიბულინგური კურსები და ტრენინგები, რაშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც მოსწავლეები, ასევე მათი მშობლებიც.

- ჩაუტარდებათ თუ არა მოსწავლეებს სპორტის გაკვეთილები?
- სპორტის გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორჯერ, როგორც გაკვეთილების ცხრილის სავალდებულო ნაწილი. გარდა ამისა, გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეებს, მათი სურვილის მიხედვით, შეუძლიათ ჩაერთონ სხვადასხვა სპორტულ კლუბებში.